განმარტება: აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენაზე. სააგენტოში ასევე აცხადებენ, რომ რუსულ მხარეს ავიარეისების აღდგენის თაობაზე მათთვის არ მიუმართავს.

\”ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და აღნიშნული ვითარების სტატუს-კვო არ შეცვლილა. ასევე გვსურს აღვნიშნოთ, რომ რუსულ მხარეს არ მოუმართავს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე. შესაბამისად, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ქართული ავიაკომპანიის მიერ მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულების თაობაზე, არ შეესაბამება სიმართლეს. სავარაუდოდ, ქართული კომპანიის ინიციატივასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებთ\”, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს რუსეთის ვნუკოვოს აეროპორტის ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ თბილისის მიმართულებით ფრენები 18 აპრილიდან დაიწყებოდა. ამას გარდა, რუსულ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა 18 აპრილიდან აღდგება. რუსი ბლოგერი ნიკოლაი ლევშიცი აცხადებს, რომ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ვნუკოვოს აეროპორტში Georgian Airways შეასრულებს. ეს ინფორმაცია ქართული ავიაკომპანიის დირექტორმა BMG-თან უარყო. ამ საკითხთან დაკავშირებით ავიაკომპანიამ განცხადებაც გაავრცელა:

\”ავიაკომპანია \”ჯორჯიან ეარვეისი\” არ ადასტურებს ინფორმაციას მოსკოვის მიმართულებით რეგულარული ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით.\”

აეროპორტის ვებ-გვერდზე ფრენების განრიგში მოსკოვი-თბილისი 17:30 საათიდან აღარ იძებნება. ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში კი ვნუკოვოს აეროპორტის ადმინისტრაციამ თბილისი-მოსკოვის რეისის განრიგში მოხვედრა ტექნიკური ხარვეზით ახსნა.

Scroll to Top
500505068