საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის ივნისიდან ბათუმის მიმართულებით ქუვეითური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Jazeera Airways -ი დაიწყებს ოპერირებას. ფრენები ბათუმი ქუვეითი -ს მიმართულებით და უკან, კვირაში შვიდი სიხშირით შესრულდება.
„ავიაკომპანიის მიერ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ფრენები ელ ქუვეითსა და ბათუმს შორის 2024 წლის 14 ივნისიდან, 16 სექტემბრამდე, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა Jazeera Airways -ს სააგენტომ 2024 წლის 20 თებერვალს მიანიჭა.
ელ ქუვეითი – ბათუმი – ელ ქუვეითის მიმართულება ახალია ავიაკომპანიისთვის. ამ ეტაპისთვის, „Jazeera Airways“-ი რეგულარულ რეისებს ელ ქუვეითი – თბილისი – ელ ქუვეითის საჰაერო ხაზზე ახორციელებს.“ – აღნიშნულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუვეითთან საქართველოს უვიზო რეჟიმი არ აქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: ქუვეითის სახელმწიფოში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეს ვიზის [90 დღემდე მოქმედების ვადით] მიღება შეუძლია სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. ვიზის საფასური შეადგენს 6 KWD ქუვეითურ დინარს [დაახლოებით 21 აშშ დოლარი].