საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ კანონში ცვლილება გულისხმობს, რომ საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მესაზღვრე შეამოწმებს მგზავრობისთვის საჭირო დოკუმენტაციას. მესაზღვრეს აქვს უფლება, უარი უთხრას მგზავრს საზღვრის კვეთაზე, თუ იგი ვერ წარადგენს მგზავრობის მიზნის დამადასტურებელ საბუთებს.
საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ სახელმწიფოში, შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე, თუ:
- მგზავრს ეკრძალება ევროკავშირის წევრ/შენგენის ზონის რომელიმე სახელმწიფოში შესვლა;
- მგზავრი ვერ წარადგენს კანონით გათვალისწინებულ საბუთებს, რომელიც, ასევე, დადგენილია შენგენის ზონის რეგულაციებით.
ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ სახელმწიფოებში მოგზაურობისთვის საჭიროა:
- ბოლო 10 წლის განმავლობაში გაცემული ბიომეტრიული პასპორტი, რომლის მოქმედების ვადაც ევროკავშირის ტერიტორიის/შენგენის ზონის დატოვების დღისთვის არანაკლებ 3 თვეა;
- ორმხრივი ავიაბილეთები;
- სასტუმროს ან სხვა საცხოვრებელი ადგილის მოქმედი ჯავშნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ჯანმრთელობის სამოგზაურო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება ან მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.